სამშობლოში დაბრუნება და სიცოცხლის ბოლო წლები

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით „ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.

მართალია საქართველოში მისი კოლეგები და სტუდენტები უდიდეს პატივს სცემდნენ ექვთიმე თაყაიშვილს , მაგრამ ხელისუფლებისთვის იგი მაინც „ საეჭვო პიროვნებად“ რჩებოდა,  რადგან  დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაში ნამყოფი,  თანაც უცხოეთში დიდხანს ნაცხოვრები იყო. ამიტომ უკვე მოხუც მეცნიერს სამშობლოშიც ისევე უჭირდა , როგორც საფრანგეთში ცხოვრებისას ,  მაგრამ მისთვის ხომ არასოდეს ყოფილა მთავარი სიმდიდრე და კომფორტული ცხოვრება.

takaishvili_rveuli

ერთი ნაჭერი პურიც რომ  ჰქონდა,  მაინც ბედნიერი იყო , დარწმუნებული იყო , რომ ადრე თუ გვიან საქართველო ისევ გათავისუფლდებოდა  და ისევე , როგორც მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყანა , ისიც იამაყებდა თავისი მდიდარი მუზეუმებითა და გალერეებით. ეს კი , მხოლოდ მისი , ერთი კაცის –  ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურება იყო . მხოლოდ უცხოეთში გადამალული ქართული განძი რომ დაეცვა და დაებრუნებინა სამშობლოში , ესეც ეყოფოდა საკუთარი  სახელის უკვდავსაყოფად  ექვთიმე თაყაიშვილს , მაგრამ თვით ამ საგანძურის უდიდესი ნაწილი მან ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მოიპოვა , აღმოაჩინა და შეისყიდა . იგი იყო პირველი , ვინც ჯერ კიდევ რუსული იმპერიის პერიოდში გაბედა და დაიწყო ქართული ისტორიის „შეგროვება“ – ეძებდა , შოულობდა , ყიდულობდა , არქეოლოგიურ ექსპედიციებს აწყობდა.

როდესაც ექვთიმე თაყაიშვილი სათავადაზნაურო გიმნაზიის დირექტორი იყო, ხშირად ახერხებდა დაერწმუნებინა ზედამხედველთა საბჭო , რომ რომელიმე ნიჭიერი ბავშვი , მიუხედავად მისი გლეხური წარმოშობისა , უფასოდ მიეღოთ სასწავლებელში. ასე აღიზარდა გიმნაზიაში უამრავი ქართული მოღვაწე , რომლებიც , რომ არა ექვთიმე თაყაიშვილის მონდომება , ვერასოდეს მოახერხებდნენ სწავლას.

0

დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო…
დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ ერთხელ თქვა : „მოვა დრო და ილია ჭავჭავაძე , ექვთიმე თაყაიშვილი  და ივანე  ჯავახიშვილს ქართული ეკლესია წმინდანად შერაცხავს “. მართლაც , ილია ჭავჭავაძე და ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა ქართულმა ეკლესიამ. ვინ იცის , იქნებ ოდესმე სრულად ახდეს დიდი მწერლის წინასწარმეტყველება. თუ დღეს , როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში , ჩვენს მუზეუმებშიც  შეიძლება საქართველოს წარსულის ამსახველი ექსპონატების ნახვა, ეს ამ დიდი ადამიანის ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა .


სიკვდილის შემდეგ სამი საფლავი „გამოიცვალა“ წმინდანის ნეშტმა : ჯერ ჩვეულებრივ სასაფლაოზე დაკრძალეს; 1963 წელს , როდესაც უკვე აღარ იყო საშიში მის ღვაწლზე ლაპარაკი , ქართველმა მეცნიერებმა მოახერხეს  და დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს. საბოლოოდ კი  მთაწმინდაზე  დაუმკვიდრა სამუდამო განსასვენებელი მადლიერმა ქართველმა ერმა დიდ მოღვაწეს …

13112007181

გამოყენებული ლიტერატურა:

ელდარ ბაბულაშვილი – ,,ცათამობაძავი ივერიის მეჭურჭლეთუხუცესი”  გამომცემლობა ,,მეცნიერება” თბილისი 1966

დატოვე კომენტარი